ათინათის ისტორია

 „ათინათი“  შეიქმნა 1995 წელს. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ქალაქ ზუგდიდში  და დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს.

საზოგადოების მაღალი ნდობა, რომლის მოპოვებაც მან შეძლო, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული:  მაღალკვალიფიციური კადრები, კეთილგანწყობილი გარემო, ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხარისხითა და ობიექტურობით გამორჩეული საკუთარი მედია საშუალება (რადიო „ათინათი“  FM 105.9). ორგანიზაციის მდგრადობის დასტურია 200–ზე მეტი წარმატებულად განხორციელებული პროექტი და შესაბამისად, ათასობით კმაყოფილი და მადლიერი ადამიანი.
„ათინათი“  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დევნილი (რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე) მოსახლეობის  გაძლიერებას. 

ამჟამად „ათინათი“ მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

1.    სამოქალაქო საზოგადოების განვითარება:

ამ მიმართულებით „ათინათი“  სხვადასხვა დონორების დახმარებით:

•    ახალგაზრდების, ბავშვებისა  და პედაგოგებისთვის ახორციელებს არაფორმალური განათლების პროგრამებს. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სკოლებში ჩამოყალიბებული აქვს ახალგაზრდული კლუბები, ზრუნავს სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგთა გადამზადებაზე და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მუშაობს მშობლებთან. 
•    ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოხალისეობაზე და თავადაც აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ საქმიანობებს. „ათინათი“  ჩართულია ევრო კავშირი პროგრამა „ერასმუს +“-ის ახალგაზრდულ  გაცვლით პროექტებში; სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ორგანიზაცია მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს და აგზავნის ქართველ ახალგაზრდებს ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციებში.
•     „ათინათის“   საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური კონსულტაციებით, ინფორმაციის მიწოდებითა და ტრეინინგებით ხელს უწყობს რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებასა და მათი შესაძლებლობების ზრდას, ქმნის სამი სექტორის (სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნესი) დაახლოებისათვის სივრცეს და მოსახლობის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას უწყობს ხელს.

2.    რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა:

„ათინათი“  სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას, დასაქმებისთვის მათი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გრძელვადიანი საარსებო წყაროს შექმნის მხარდაჭერას. სამიზნე ჯგუფი/ბენეფიციარები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა. მათ შორის: ადგილობრივი მოწყვლადი და იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, ქალები, მცირე მეწარმეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

3.    საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა:

„ათინათს“  გააჩნია საკუთარი მედია საშუალება - რადიო „ათინათი“  (FM 105.9), რომელიც მაუწყებლობს დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის ჩათვლით). რადიო მოსახლეობას სთავაზობს ახალ ამბებს და მიუკერძოებელ ინფორმაციას. 
რადიოს არსებობა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია მისი ცნობადობის გაზრდისა და  სტრატეგიული მიმართულების წარმატებულად განხორციელებისთვის. რადიოს მაუწყებლობა 24 საათიანია. მისი მსმენელები  გადაცემების საშუალებით ყოველთვის  გრძნობენ  როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ცხოვრების მაჯისცემას. 
 ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა რადიო „ათინათის“  მაუწყებლობა აფხაზეთზე და აფხაზ კოლეგებთან ერთად ერთობლივი მედია პროდუქტების მომზადება და ეთერში გაშვება. 

„ათინათი“ არის:

    CSR კლუბის დამფუძნებელი
    „ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის“ დაფუძნებელი
    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის  წევრი
    რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელის წევრი (R-CSN)
    ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამა „აფლატუნის“ პარტნიორი
    რადიო „ათინათი“  არის საქართველოს რეგიონული რადიოსადგურების ქსელის წევრი (GRRN)
 

 
ასევე იხილეთ კატეგორიაში: ჩვენ შესახებ

ათინათის მისიაა

ჩვენი გუნდი