შექმნის ისტორია: სამეგრელო, ქალაქი ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა 94. . . ეს ასოციაცია “ათინათის” მისამართია. ორგანიზაციისა, რომელიც 1995 წელს, საქართველოსათვის უმძიმეს და ურთულეს პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში შეიქმნა. საბჭოთა კავშირის დაშლა, აფხაზეთის კონფლიქტი, უდიდესი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი – აი, ასე შეიძლება დახასიათდეს ეს პერიოდი. მაგრამ მიუხედავად ამისა ცხოვრება თავისას მოითხოვდა, ნელი ნაბიჯებით არასამთავრობო სექტორი იკიდებდა ფეხს საზოგადოებაში. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესი მოსახლეობის ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პარალელურად ინტელექტუალური რესურსების განვითარებასა და მობილიზებას მოითხოვდა. პირველი პროექტი, რომელმაც ”ათინათის” დაბადებისთანავე დაიწყო განხორციელება იყო ინგლისურის შემსწავლელი კურსები მოზარდებისათვის, რომელიც დღეისათვის დიდ, განვითარებულ, თანამედროვე ტექნიკითა და მასალებით აღჭურვილ უცხოური ენების შემსწავლელ ცენტრს წარმოადგენს. “ათინათის” მისიაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.. საქმიანობის მიმართულებები: “ათინათი” დაარსებიდან დღემდე მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: 1. განათლება; 2. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; 3. სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება; 4. მას-მედია. თანამშრომლები: დღეს “ათინათში” 72 თანამშრომელი მუშაობს (სრულ და არასრულ საშტატო განაკვეთზე). მათ შორის არიან კვალიფიციური მასწავლებლები, ჟურნალისტები, ტრენერები და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტები. “ათინათში” ასევე მუშაობს 5 მოხალისე, მათ შორის ერთი არის ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) მოხალისე შვედეთიდან. |